2024.08.15
share
ორგანიზაციები და კომპანიები მუდმივად აგროვებენ, ინახავენ და ამუშავებენ ძალიან დიდი რაოდენობით მონაცემებს, მათ შორის, პერსონალურ, ფინანსურ და ინტელექტუალური საკუთრების ინფორმაციას. ეს მონაცემები კი კიბერკრიმინალებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ფასდაუდებელია, რადგან არაავტორიზებული წვდომის შედეგად მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეს ინფორმაცია მავნე მიზნებისთვის, იქნება ეს პირადი მონაცემების მითვისება, ფინანსური თაღლითობა, კორპორატიული ჯაშუშობა თუ სხვა. კიბერუსაფრთხოების ეფექტური ზომების მიღება კი ციფრული საფრთხისგან დასაცავად ყველაზე ეფექტური გზაა.
არსებობს არაერთი კიბერსაფრთხე, მათ შორის, ყველაზე გავრცელებულია ფიშინგი. ფიშინგი გულისხმობს კიბერკრიმინალის მიერ ფსიქოლოგიური მანიპულაციით სამიზნის სენსიტიური, პერსონალური ინფორმაციის მოპოვებას და ამ ინფორმაციის ინტერნეტსივრცეში იდენტობის მოპარვისთვის ან ფინანსური სარგებლის მიღებისთვის გამოყენებას. კიბერთავდასხმების მაგალითებს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხშირად ვაწყდებით. თუ როგორ იჰაკება ერთი შეხედვით შეუღწევადი ორგანიზაციების ვებგვერდები და საჯაროდ იფინება მათი ინფორმაცია.
ზოგადად, რაც უფრო მეტი მოწყობილობაა დაკავშირებული ინტერნეტთან, იქნება ეს ჭკვიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მობილური ტელეფონები თუ კომპიუტერები, ეს კიდევ უფრო ზრდის კიბერშეტევების პოტენციური შესვლის წერტილებს. შესაბამისად, ინტერნეტთან დაკავშირებული თითოეული მოწყობილობა წარმოადგენს პოტენციურ დაუცველობას, რომლის გამოყენებაც კიბერდამნაშავეებს შეუძლიათ.
უნდა აღინიშნოს, რომ კოვიდ პანდემიამ უფრო მეტად დაგვანახა კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა და აუცილებლობა, რადგან დისტანციური მუშაობა მას შემდეგ ნორმად დამკვიდრდა. ორგანიზაციებს უწევდათ სწრაფად მორგებოდნენ ახალ რეალობას, ხშირად უსაფრთხოების ხარჯზე. ამ ცვლილებამ კი კიბერშეტევების გახშირება გამოიწვია.
სწორედ აღნიშნული საფრთხეების გამო, კიბერუსაფრთხოება დღეს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სფეროს წარმოადგენს. ამ მიმართულებით მუშაობა მოითხოვს სპეციალიზებულ უნარებსა და ცოდნას. კიბერუსაფრთხოების პროფესიონალები, ასევე, ცნობილი როგორც ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსები, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ორგანიზაციების ციფრული აქტივების დაცვაში. მათი პასუხისმგებლობა მოიცავს კიბერშეტევების პოტენციური საფრთხეების იდენტიფიცირებას, უსაფრთხოების ზომების განხორციელებას, დარღვევების მონიტორინგსა და კიბერშეტევების ინციდენტებზე სწრაფ რეაგირებას.
კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა, ტექნოლოგიის წინსვლასა და ციფრულ სისტემებზე ჩვენი დამოკიდებულების ზრდასთან ერთად, კიდევ უფრო გაიზრდება, კიბერუსაფრთხოება არის სწორედ ის სფერო, რომელიც უზრუნველყოფს ყველას უსაფრთხო ციფრულ მომავალს.