2023.07.13
share
მემორანდუმის მიზანია მხარეთა შორის მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება, საერთო მიზნების დასახვა და განხორციელება, რომლებიც მიმართული იქნება საქართველოში IT სფეროს და ციფრული მარკეტინგის სფეროს პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის, შესაბამისი პროფესიული პროგრამების სწავლებასა და პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებულთა შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს წითელი ჯვრის გენერალურმა მდივანმა, ნინო ოსეფაიშვილმა და ონლაინ აკადემია სქილვილის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიგი გიორგაძემ.
ონლაინ აკადემია სქილვილის აღმასრულებელი დირექტორის, გიგი გიორგაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში სქილვილის პროგრამების პოპულარიზაციაზე ერთობლივად იზრუნონ.
„მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად ვიზრუნებთ სქილვილის პროგრამების პოპულარიზაციაზე განსაკუთრებით რეგიონებში, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია და მივცეთ შესაძლებლობა ჩაერთონ სქილვილის აკადემიის კურსებში და დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს“, - განაცხადა გიგი გიორგაძემ.
„ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციული ტექნოლოგიების და ციფრული მარკეტინგის პოპულარიზაცია, განსაკუთრებით ძნელად მისადგომ რეგიონებში, მოგეხსენებათ საქართველოს წითელ ჯვრის საზოგადოებას გააჩნია მოხალისეების ყველაზე დიდი ქსელი ქვეყნის მასშტაბით და შევეცდებით ჩვენმა მოხალისეებმა, რომლის მთავარ ნაწილს წარმოადგენენ ახალგაზრდები ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა იმ არაჩვეულებრივ შესაძლებლობებზე, რომელსაც სქილვილი სთავაზობს მოსახლეობას“, - განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის გენერალურმა მდივანმა, ნინო ოსეფაიშვილმა.
სქილვილის აკადემია საქართველოში ყველაზე მასშტაბური ონლაინ აკადემიაა, სადაც სწავლა შეუძლია ნებისმიერი ასაკის, პროფესიის ადამიანს, ვისაც აქვს ინტერესი ისწავლოს აიტი სფეროს პროფესიები, ციფრული მარკეტინგის მიმართულება და უცხო ენები. სქილვილ აკადემიაში მუდმივად ზრუნავენ იმაზე, რომ სტუდენტებმა გამოიმუშაონ საჭირო უნარები სახლიდან გაუსვლელად და შეიძინონ ახალი კონტაქტები, გაიცნონ სფეროს პროფესიონალები, რაც წარმატებულად დასაქმებისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.