2024.11.09
share
8 ნოემბერს, "თეატრი სახელოსნო 42”-ში ონლაინ ნეო უნივერსიტეტ “სქილვილის” კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია და მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებამ, რომელიც USAID-ის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა, 100-ზე მეტი კურსდამთავრებული გააერთიანა. ახალგაზრდებმა ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულება წარმატებით შეისწავლეს და ახლა მზად არიან, თავიანთი ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გამოიყენონ.
ღონისძიების ფარგლებში, ბაზრის მსხვილმა დამსაქმებლებმა “სქილვილის” კურსდამთავრებულებს მიმდინარე, ექსკლუზიური ვაკანსიები და სტაჟირებები გაუზიარეს. დასაქმების ფორუმში მონაწილეობდნენ ისეთი წამყვანი კომპანიები, როგორიცაა: ,,თეგეტა ჰოლდინგი’’, ,,კრედო ბანკი’’, Lineate, Making Science Sweeft, HT Solution და სხვა. ეს ურთიერთობები ხაზს უსვამს კერძო სექტორთან თანამშრომლობის გადამწყვეტ როლს ახალგაზრდების დასაქმების კუთხით და “სქილვილის” კარიერული განვითარებისკენ მიმართულ მიდგომას.
Skillwill -ის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მარიამიძე :
“ეს დღე ჩვენთვის განსაკუთრებული და ამაღელვებელია. ჩვენი მისიაა სტუდენტებს მომზადება წარმატებული კარიერისთვის, რისთვისაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობას. ამ ურთიერთობებით ჩვენ ვზრუნავთ, რომ კურსდამთავრებულებს ჰქონდეთ არა მხოლოდ ტექნოლოგიური ცოდნა, არამედ რეალური, პრაქტიკული უნარები, რომლებიც მოთხოვნადია შრომის ბაზარზე და აუცილებელი ციფრულ სექტორში სწრაფი და წარმატებული ინტეგრაციისთვის. კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი პრიორიტეტია და დიდ მადლობას ვუხდით პარტნიორებს, რომლებიც ახალგაზრდების მხარდაჭერით მათ პროფესიული წარმატების შესაძლებლობებს უქმნიან.”
ახალი პარტნიორობა: თეატრი სახელოსნო 42 და Skillwill-ი
"თეატრი სახელოსნო 42"-მა ოფიციალურად დაიწყო თანამშრომლობა “სქილვილთან და კურსდამთავრებულებს დასაქმების ახალი შესაძლებლობები შესთავაზა. თანამშრომლობის ეს ინიციატივა მტკიცედ უწყობს ხელს სტუდენტებს, რომ თავიანთი ცოდნა რეალურ, ინოვაციურ და კრეატიულ გარემოში გამოიყენონ. თეატრი, რომელიც ცნობილია თავისი უნიკალური შემოქმედებითი ინოვაციებით, ახლა უკვე “სქილვილის” კურსდამთავრებულებს რეალურ სამუშაო შესაძლებლობებს სთავაზობს, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს სტუდენტების კარიერული განვითარების პერსპექტივებს. ახალი პარტნიორობა გახსნის კარს ახალგაზრდების პროფესიული ზრდისთვის, რადგან მათ საშუალება ექნებათ მუშაობდნენ თანამედროვე და კრეატიულ სივრცეში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი მომავალი წარმატებისთვის.
კურსდამთავრებულების მომზადება წარმატებისთვის
“სქილვილისთვის” დასაქმების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და სწორედ ამ მიზნით, თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო წარმატებულ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. გამოსაშვები ღონისძიება, რომელიც აერთიანებს განათლებას, ტექნოლოგიას და ინდუსტრიულ საჭიროებებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს “სქილვილის” ლიდერობას საქართველოში ტექნოლოგიური განათლების მიმართულებით და ამტკიცებს, რომ კარიერულ წინსვლაზე ზრუნვა უმთავრესი პრიორიტეტია.