2024.10.25
share
ონლაინ ნეო უნივერსიტეტი “სქილვილი” ოფიციალურად შევიდა უზბეკეთის განათლების ბაზარზე, რაც მის რეგიონულ გაფართოებაში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. ახლად ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ფარგლებში, “სქილვილი” უზბეკეთის სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, მომავლის პროფესიები შეისწავლონ “სქილვილის” ინოვაციურ ონლაინ პლატფორმაზე.
ამ თანამშრომლობის ფარგლებში, უზბეკი სტუდენტები შეძლებენ სხვადასხვა თანამედროვე კურსზე წვდომას, ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ციფრული მარკეტინგი, ვებდეველოპმენტი, კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული დიზაინი და სხვა მრავალი, რაც მათ ამზადებს დღევანდელი სწრაფად განვითარებადი შრომის ბაზრისთვის. კურსები უზბეკურ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი, რაც უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახდის მას მისაწვდომს და ხელს შეუწყობს ადგილობრივი ტალანტების განვითარებასა და ახალი კარიერული შესაძლებლობების შექმნას უზბეკეთში და მის ფარგლებს გარეთ.
“სქილვილის” დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მარიამიძე:
მოხარულები ვართ, რომ “სქილვილი” ფართოვდება უზბეკეთში და ამყარებს ამ მნიშვნელოვან თანამშრომლობას ცენტრალური აზიის უნივერსიტეტთან. ეს თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი არეალისა და შესაძლებლობების გაფართოებისთვის, რათა რეგიონში სტუდენტებს მივაწოდოთ მაღალი ხარისხისა და მომავალზე ორიენტირებული პროფესიული განათლება. კურსების ადგილობრივ ენაზე შეთავაზებით, გლობალური საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად ვპასუხობთ რეგიონალურ საჭიროებებს და ვუზრუნველყოფთ, რომ ჩვენი სტუდენტები მზად იყვნენ საერთაშორისო სამუშაო ბაზრის მოთხოვნებისთვის.
ვინაიდან “სქილვილი” აგრძელებს განვითარებას და ზრდას რეგიონში, უზბეკეთში გაფართოება წარმოადგენს მნიშვნელოვან სტრატეგიულ ნაბიჯს, რომელიც მიზნად ისახავს მომავალი პროფესიონალების აღზრდას ცენტრალურ აზიაში, სადაც ციფრულ უნარებზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება. ამ თანამშრომლობით, “სქილვილი” მიზნად ისახავს თავის სტუდენტებს მიაწოდოს ის საჭირო ინსტრუმენტები და ცოდნა, რომელიც მათ გლობალურ კონკურენტულ ბაზარზე წარმატებისთვის სჭირდებათ.